ჩვენ მის შესახებ. . .






საქართველოს პატრიარქმა გალაკტიონს თვითმკვლელობა მიუტევა. ამის მიუხედავად, ზოგიერთები მაინც ფიქრობენ, რადგან გალაკტიონმა თავი მოიკლა, ეს ცოდვის გამო ჩაიდინა ან ურწმუნო იყოო. სინამდვილეში, გალაკტიონი მორწმუნე იყო, მთელი მისი შემოქმედება ისე ახლოა ღმერთთან, სარწმუნოებასთან, რომ შესაძლოა, ბევრი პოეტი არც მოიძებნებოდეს. და მაინც, მას ბავშვობიდანვე აწვალებდა თავის მოკვლის სურვილი, ძალიან ხშირად გადაუწყვეტია, თავი უნდა მოვიკლაო, ბოლოს გადაიფიქრებდა, გადადებდა, არა, ახლა არა, სხვა დროს განვახორციელებო.
ერთ-ერთი ვერსიით, თავისი ლექსებითა და თვით “ლეჩკომბინატიდან” გადახტომის ტრაგიკული საქციელითაც მას სურდა, გამოესყიდა, თუ რამ ცოდვა გააჩნდა. მისთვის “ცოდვა” კი ის იყო, რომ არ აღმოჩნდა ოლია ოკუჯავას, ტიციანის, პაოლოსა და სხვათა გვერდზე, რომ რეპრესიებმა უშუალოდ მასზე არ გადაიარა. ის ხომ დათმობებზე მიდიოდა, თავისი შემოქმედების გადასარჩენად სხვადასხვა ნიღაბს ირგებდა. ამიტომ პოლიტიკურად საშიშად აღარ ითვლებოდა. გალაკტიონისთვის მთავარი იყო ფიზიკურად გადარჩენოდა რეპრესიებს, რათა ქართულ ლიტერატურას უგალაკტიონობა არ ეგრძნო.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო მეფე-პოეტის დრამატული ფინალი დაემუხრუჭებინა, ოლია ოკუჯავა იყო. ისიც გადაუსახლეს და ჩამოაშორეს გალაკტიონს. მასთან განშორების წინათგრძნობა გალაკტიონის ერთ-ერთმა ლექსმაც დაიტია.  “ჩემო ოლია! დღევანდელი დღე ბაირონი და გვიჩიოლია“. მართლაც, ისევე დაშორდნენ ერთმანეთს გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა, როგორც ლორდ ბაირონი და მისი უკანასკნელი სატრფო, იტალიელი ტერეზა გვიჩიოლი.
პირად საუბარში ასე იხსენებდა საყვარელ ქალთან განშორების წუთებს: უშიშროებამ ღამით წაგვიყვანა ორივე, ვაგონებში ჩაგვყარეს და ციმბირის გზას გაგვაყოლეს. სამი დღე ან მეტი ვეყარეთ იმ ვაგონებში. ახლაც არ ვიცი, სად გავჩერდით, მაგრამ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ვიყავით. ვიღაც ქალი დადიოდა ვაგონების წინ, სასწრაფოდ დავწერე წერილი და იმ ქალს გადავეცი. ვთხოვე, წერილი კონვერტში ჩაედო და გარკვეულ მისამართზე გაეგზავნა.
ქალი გაშრა, როცა წაიკითხა, რომ სტალინს ვწერდი. ვემუდარე, აუცილებლად გაგზავნე, რადგან ჩვენი გადარჩენის ბოლო იმედია-თქი. კიდევ კარგი, კალამი და ბლოკნოტი თან მქონდა, „ჩეკისტებმა“ იმ იმედით დამიტოვეს, პოეტია, რამეს დაჯღაპნისო. ერთ საღამოს მოვიდა ვიღაც ფორმიანი, ყველა ვაგონი ჩამოიარა – გალაკტიონ ტაბიძე რომელიაო. ვუპასუხე და ვაგონის კარი გამიღო, მოწიწებით მეპყრობოდა. მანქანით წამიყვანეს, აბანოში გამაქანეს და ახალი სამოსი მომცეს. კრემლში ჩამიყვანეს, სტალინთან.
რამდენად მართალია ეს ისტორია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ გალაკტიონი ჩეკისტებმა დაინდეს. ანდა, თავად მისმა უცნაურმა ცხოვრების სტილმა აიძულა ჯალათები, ხელშეუხებლად დაეტოვებინათ მეოცნებე პოეტი.
არადა, ოლია ოკუჯავასთან დროებითი განშორებაც კი პოეტს გულს უმძიმებდა. რეპრესიებამდე კარგა ხნით ადრე, ოლიას ერთ-ერთი მორიგი გამგზავრების შემდეგ, გალაკტიონი თეატრში გამართულ საღამოზე გამოსვლას არ აპირებდა. თუმცა წინასწარ მიცემული სიტყვა ვერ გატეხა. გავიდა თუ არა სცენაზე, დაიწყო ლექსის “მე და ღამე” წაკითხვა, მაგრამ ვერ დაასრულა, რადგან დაავიწყდა. საბედნიეროდ, უხერხული მდგომარეობიდან მალევე გამოვიდა. იქვე კათედრაზე ვიღაცას ლექსი დარჩენოდა და გალაკტიონმაც ამით ისარგებლა. საზოგადოებამ შეამჩნია მისი ხელმოცარვა, ბევრჯერ სთხოვეს, ლექსი მეორედაც წაეკითხა, მაგრამ გალაკტიონმა ხელმეორედ სცენაზე გასვლა არ ისურვა.
„ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. არაფერს იგი არ ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა, პირდაპირ. ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი… ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… შენ იცი, როგორ მოუვლი თავს… გამხდარი და ავადმყოფი არ ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა,  არ ვიცი, რას გიზამ… მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით“.
გალაკტიონის ირგვლივ ყველაფერი არაორდინარული იყო. მათ შორის, ადამიანური დამოკიდებულებაც. დღევანდელი გადასახედიდან გასაკვირია, მაგრამ გალაკტიონის მეორე მეუღლე_ ესტონელი მკვლევარი ოლღა დარიუსი პოეტის ერთადერთ სიყვარულს _ ოლია ოკუჯავას გალაკტიონისვე კარნახით წერილს სწერს. სწორედ 1940 წელს ოლღა დარიუსის ხელითაა დაწერილი თბილი ბარათი ოლია ოკუჯავას მიმართ. ოლღა დარიუსს კარგად ჰყავდა შეცნობილი გალაკტიონი. ერთ-ერთ ბარათში, რომელიც აღელვების ჟამსაა დაწერილი, ოლღა დარიუსი მაინც არ კარგავს წონასწორობას და მიუთითებს: გალაკტიონში ორი პიროვნებაა: ერთი კეთილი, გულისხმიერი, სინათლეს რომ მაფრქვევს და სიცოცხლის წყურვილს მიმძაფრებს, მეორე კი ავი, ბოროტი, რომელიც მჩაგრავს და მაწამებს. ოლღა დარიუსმა კარგად იცოდა გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სიყვარულის ამბავი და ერთხელ პირად საუბარში გალაკტიონის ძმისშვილ ნოდარ ტაბიძესაც მიანიშნა კიდეც ამაზე. იგი ბუნებრივად მიიჩნევდა ამას და თითქმის არ ეჭვიანობდა. მით უფრო, რომ გადასახლებაში მყოფი ოკუჯავა მისთვის ნაკლებად საშიში ჩანდა. ნოდარ ტაბიძის აზრით, ოლია ოკუჯავას მიმართ მიწერილი გალაკტიონის ეს ბარათი ასეთ ვითარებაში უნდა დაწერილიყო: გალაკტიონი ბოლთას სცემს და ალბათ კარნახობს ოლღას (დარიუსს) წერილს. პოეტი თანდათან გადადის სხვა სამყაროში და ამ წუთებში ოლღა დარიუსი მისთვის მეუღლე კი არა, პირადი მდივანია. მეფე-პოეტი მთელი გულით ოლია ოკუჯავასთანაა, ეხმიანება, უზიარებს გულისწადილს.
გალაკტიონი ბოლომდე ერთგული რჩება პირველი და დიდი სიყვარულისა. ამას მეორე მეუღლესაც აგრძნობინებს. წერილი ასეთია ოლღასადმი: “უკვე 3 წელიწადნახევარი გავიდა, რაც შენ არ ხარ და ამ ხნის მანძილზე მე არ დამივიწყე. შენი ყოველთვიური წერილები მე მამშვიდებდა. მაგრამ ამავდროულად, სევდიან გრძნობებს მიფორიაქებდა, მე არ გწერდი შენ დიდხანს, ვიყავი ავად და ძალის გარეშე. მე მაწუხებდა შენი ჯანმრთელობა.. რატომ იღებ შენს შეურაცხყოფად ფულის გამოგზავნას, რომელიც მე უნდა გამოგიგზავნო, შენ გმობ სიბრალულს! განა ჩემი სიბრალული სიყვარულის ელემენტი არაა? ..განა მე შენ გივიწყებ? განა შენ მარტოხელად უნდა იგრძნო თავი?..”
ოლია პირველად შუა აზიაში გადაასახლეს, იქიდან წერილებსაც სწერს გალაკტიონს. მერე დაბრუნდა, ტყვეობას იგი ასაკოვანი ქალისთვის დაესგავსებინა, რაც გალაკტიონთან გადაღებულ სურათზეც აღბეჭდილა. შემდეგ ოლია ისევ გადაასახლეს, უკვე რუსეთში და ქალაქ ორიოლთან ტყეში, სხვა პატიმრებთან ერთად დახვრიტეს.
მეორე ცოლთან_ოლღა დარიუსთან დაშორების შემდეგ გალაკტიონი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა მესამე მეუღლესთან_ ნინო კვირიკაძესთან. მის გერს (ნინოს შვილს) ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც გალაკტიონი თბილად ექცეოდა. შემონახულია პატარას მიერ გალაკტიონისთვის ნაჩუქარი უბის წიგნაკი_სახსოვრად საყვარელ ბაბუას. უშვილობას პოეტი ძალიან განიცდიდა. ხშირად დაუჩივლია, რა დავაშავე, ღმერთმა, ერთი ბავშვი გაიმეტოს ჩემთვისო.
რეჟიმმა მისი პირადი ცხოვრება იმსხვერპლა, თავად კი შეეძლო სხვისი ბედნიერების გამზიარებელი ყოფილიყო. ალბათ ამიტომაც არ ეზარებოდა ახალგაზრდებთან მეგობრობა და მათთვის დახმარების აღმოჩენა. თბილისის კოლორიტმა ნიაზ დიასამიძემ დაბადების დღეზე სატრფოს რომ ვერაფერი მიართვა, მოულოდნელად გალაკტიონი მიუყვანა. ამაზე დიდ საჩუქარს ახალგაზრდა ქალი ვერც წარმოიდგენდა.
ამბობენ, მეფე-პოეტს საკუთარი თავის განებივრებაც უყვარდა. მხატვარი ემირ ბურჯანაძე იხსენებდა: ელბაქიძის დაღმართზე გადაკიდებული გალაკტიონი შევნიშნე, ლამის ვარდებოდა, მთვრალი მეგონა, მხარზე შევისვი და სახლში წავიყვანეო. მისმა სიმძიმემ ლამის ბოლო მოუღო ემირს, მეორე სართულზე რომ აიყვანა, გალაკტიონი უცებ ჩამომხტარა მისი მხრებიდან და _ხომ არ დაიღალე, ყმაწვილოო?_უკითხავს. მართალია, მოგვიანებით ემირ ბურჯანაძე ამაყობდა, გალაკტიონი საკუთარი მხრებით რომ ატარა, მაგრამ მაშინ კი გულზე გამსკდარა, როგორ გამაბითურა, სახლში წასვლა დაეზარა და გამაწვალაო.
გოგლა ლეონიძე უყვარდა ძალიან, რადგან მას ერთხელაც არ უთქვამს, გალაკტიონი ლოთიაო. გალაკტიონი ხშირად ამბობდა, გოგლა ვაჟკაცია, რამდენჯერ მთვრალი ვუნახივარ და საყვედური არ დასცდენიაო. ერთხელ მწერალთა კავშირში მისი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგიერთი ტაბიძის გარიცხვასაც კი მოითხოვდა, თუ სმას თავს არ დაანებებდა. გოგლა კი ამდგარა და უთქვამს _ კარგით, დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაც შეპასუხებია, რა მოხდა მერე,  მწერალთა კავშირი უგალაკტიონოდ ვერ იარსებებსო? გოგლას გასცინებია, მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ და ფხიზელ და არამსმელ მწერალთა კავშირი ვუწოდოთ. გალაკტიონი კი, გინდა კავშირის წევრი იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონად დარჩება. ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევსო.
გალაკტიონს დალევა თუ უნდოდა, დედამიწის ზურგზე ვერავინ დაუშლიდა. ერთადერთი, ლეონიძის ეხათრებოდა. გოგლა რომ დაპატიჟებდა, იმ დღეს არ სვამდა. იძახდა, ჩემს გოგლას არ ვაწყენინებ, ფხიზელი უნდა მივიდე; სულ გათიშული მთვრალი რომ მიმიტანონ, მაინც არაფერს იტყვის და აი, სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ ნასვამი მნახოსო.
ერთხელ მძღოლს უთხრა, წყნეთის ტყეში წავიდეთ, ლექსი უნდა დავწეროო. მართლაც, გაემგზავრნენ წყნეთში, მაგრამ სამანქანო გზა არ იყო და ტყის სიღრმეში ვერ შევიდნენ. აუხირდა გალაკტიონი, გინდა თუ არა შედი სიღრმეში, _ გალაკტიონს უარს როგორ ეუბნები, გალაკტიონს შენ მუზას უფრთხობო?
ერთხელ დაიფიცა გალაკტიონმა, დღეიდან აღარ დავლევო. მართლაც, მთელი დღე საქმეებზე დარბოდა. მოსაღამებულს უკვე დაღლილმა სახლში წასვლა ისურვა. საკუთარ მძღოლს წყნეთში ააყვანინა თავი და მანქანა დუქანთან გააჩერებინა. _ ვასილიჩ, აქ რა გინდა? _ შეუცხადებია მძღოლს, აკი არ დავლევო დღეიდან? პოეტს ხმა არ გაუცია, მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა – წამო, წამო გალაკტიონ, თითო ჭიქა მაღარიჩი დავლიოთ იმის აღსანიშნავად, რომ დღეს გალაკტიონს წვეთი არ დაულევია.
უცნაურობა დიდ ადამიანთა ხვედრია. გალაკტიონს ამშვენებდა კიდეც არაორდინარული საქციელი. ის ხომ მუდამ ერკინებოდა საკუთარ თავს. სულის გაორებას კი ასეთნაირად გამოხატავდა დღიურში: “ბრძოლა გალაკტიონს” და “გალაკტიონს” შორის. რით გათავდება ეს ომი?”  “მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ!”
ერთხელ აგვისტოს პაპანაქება საღამოს ნაბდითა და ყაბალახით გამოცხადდა მწერალთა სასახლეში გამართულ ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე.
„სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს”… გალაკტიონის სული მართლაც სტიროდა, მისი გული კი ცისფერ და მწუხარე ქალწულებს დაეპყრო, რომელთა ხილვაც მხოლოდ იისფერ თოვაში იყო საცნაური. გალაკტიონის პლატონურ სიყვარულზე_ მერი შერვაშიძეზე არაერთხელ დაწერილა და ამჯერად მასზე არ შევჩერდებით, მაგრამ სულ ახლახანს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემთხვევით მოხვდა დღიური, რომლის გვერდებზეც გალაკტიონის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი ფურცლები  გადაიშალა.
მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გალაკტიონის ხელით გადაწერილ ცნობილ ლექსებს შორის 1949 წლით დათარიღებული მისი დღემდე გამოუქვეყნებელი მიძღვნა აღმოჩნდა. რვასტრიქონიან აკროსტიხში პოეტის კიდევ ერთი მუზის სახელი _ “აკვირინე” იკითხება. არავინ იცის, გურიის მთებში დაბადებულმა აკვირინე სურგულაძემ როგორ გახვია გალაკტიონი გამოუცნობ ცეცხლის ტბაში. თუმცა სოფელ ჯანიათში ყველამ იცოდა, რომ მომხიბვლელი, არისტოკრატული აკვირინე მისი მუზა იყო. აკვირინე შავიშვილი-სურგულაძე  მეუღლეს_ ივლიანე სურგულაძე ბათუმში გაჰყოლია საცხოვრებლად. ივლიანე ბათუმის ოლქის თავმჯდომარე ყოფილა, იგი 37 წელს გასამართლების გარეშე დაუხვრეტიათ. დევნილი ქვრივი კი წლების მანძილზე ტყეს აფარებდა თავს. 1949 წლიდან აკვირინე უკვე დედაქალაქში ცხოვრობს. იმავე წელს ერთ_ერთ ელიტარულ წვეულებაზე გაუცნია გალაკტიონი, მეორე შეხვედრაზე პოეტს მისთვის ლექსი გადაუცია. აკვირინე გულმოდგინედ აგროვებდა გალაკტიონის სურათებს, ჟურნალ-გაზეთებიდან ჭრიდა მის ფოტოებს, მის შესახებ ყველა სტატიას ინახავდა.
პოეტის მუზა ირწმუნებოდა, გალაკტიონმა ჩემს თითებს არაერთი ლექსი მიუძღვნაო. „ბავშვმა დავღვარე ცრემლი ღვაური, ბევრის წუხილით და დანანებით, ახლა ის ქალი და სიყვარული მოვიდა, მაგრამ დაგვიანებით“… იმას, რომ დაგვიანებული სიყვარულის ადრესატი აკვირინე სურგულაძე უნდა იყოს, გალაკტიონის ხელით გადაწერილ ლექსზე სათაურად მიწერილი ინიციალებიც ადასტურებს_”ა. ს.”
„დაგვიანებული სიყვარულის“ პასუხად კი აკვირინეს საკუთარ დღიურში ცნობილი ლექსი მიუწერია: „შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, ახლა მეც ვიცი, დავაგვიანე.“
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ არა ლეჩკომბინატის ექიმთა გულგრილობა, ეგებ გალაკტიონს ეცოცხლა. მაგრამ ფაქტი ერთია, გალაკტიონი საბაბს ეძებდა  სიცოცხლის მარწუხებისგან გასათავისუფლებლად. ამ საბაბად კი იქცა ლეჩკომბინატში სამსაათიანი ლოდინი; ის, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ საკოცნელად წამოწეული გალაკტიონის კოცნისგან თავი შეიკავა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა გამსახურდია; ის, რომ გადატვირთული პალატის გამო ერთ-ერთი ავადმყოფი პაციენტის ახლობელმა გალაკტიონის სხვა ოთახში გადაყვანა მოითხოვა; ისიც, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ამ სამკურნალო დაწესებულების პალატა-ლუქსში უნივერმაღის დირექტორი მკურნალობდა და იგი რატომღაც მეფე-პოეტს ამჯობინეს, მისთვის კი ნახევრადლუქსი პალატაც ვერ გაიმეტეს… ყველაფერი საბედისწეროდ დაემთხვა. გალაკტიონსაც ბევრი აღარ უფიქრია და ამქვეყნიდან გაცლა ამჯობინა…
ერთხელ სერგეი ესენინის ტრაგიკული დასასრული გაიხსენა და ამით თავისი ბედისწერაც იწინასწარმეტყველა… “მიდიხარ მოლიპული გზით, მთელმა რუსეთმა იცის, რომ შენ თავი უნდა მოიკლა, და ამავე დროს, არსაიდან თანამგრძნობი თვალები არ ჩანს. შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძლიან გძულს… უფრო მეტც, გეზიზღება”.
ლეჩკომბინატი მისი ცხოვრების ლოგიკური დასრულება იყო, რადგან წლები გადიოდა და პოეტი ამაოდ იწვევდა ორთაბრძოლაში სიკვდილს. ნატრობდა მას, სიკვდილი კი მასთან შეხვედრას არ ჩქარობდა. ალბათ ამიტომაც გადარჩა მანამდე არაერთგზისი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ.
„ოჰ, რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი. ღმერთს გეფიცები, ვისმეს თავს შევაკლავ, თუ ასე გაგრძელდა… საშინლად მომწყინდა ყველაფერი, დიდი ხნიდან დავეძებ ამ სიკვდილს, მაგრამ არ მოდის. თავის მოკვლა არ მსურს, მაგრამ სხვა არავინა მკლავს”.
ლექსების პარალელურად გალაკტიონის დღიურში შესრულებული ჩანახატებიც გაშიფვრას მოითხოვს. რატომ ხატავდა გალაკტიონი ჯვარცმას? რატომ არ ემთხვეოდა მისი ჩანახატები იმ განწყობას, რაც ხატვის პროცესში შექმნილ მის ლექსში იყო გადმოცემული? ლექსისგან გაქცევას რატომ ცდილობდა სრულიად საპირისპირო ჩანახატებით? გალაკტიონთან კითხვები უამრავია.
მის მიერ დახატული ჯვარცმის სიუჟეტისთვის გალაკტიონს მიუწერია: “ყურს გვიგდებენ მიცვალებულნი დიდხანს. ძვირფას საფლავებს ერთვით ძილი, მაგრამ ჩვენ უნდა აღვადგინოთ მათი დიდება. ვიფიქროთ იმ ხალხზე, რომლებიც აშენებენ ამ კედლებს, ამ სამრეკლოებს. იმ ხალხზე, მე-19 საუკუნეში რომ დაასაფლავეს, მათზე, რომელნიც ყოველთვის გაგახსენდებიან, როცა წამების ჯვარს დაინახავ. დაინახავ იმ მორწმუნეებს, რომელთაც თავი დასდეს, რომელნიც მღვდელმსახურებას ასრულებდნენ თავიანთ სალოცავ ტაძარში და მთრთოლვარე ხელით ანთებდნენ სანთლებს მშვენიერების წინ. ვიფიქროთ მათ ტანჯვაზე, მათ ცრემლებზე. ვიფიქროთ სასაფლაოზე, სადაც დამშვიდებით განისვენებენ განწირულნი, დავიწყებულნი”.
თვითმხილველნი იგონებენ, გალაკტიონს მესხეთის ეკლესიასთან ძალიან სურდა სურათის გადაღება, ეს სურვილი აისრულა კიდეც. სხვაგან ფოტოს აღუბეჭდავს თრიალეთის საძოვარზე მდგარი გალაკტიონი ხარებთან. იგი საშვიდნოემბრო დემონსტრაციაზეცაა, 1952 წლის 7 ნოემბერს. უკან სტალინის პლაკატია, წინ კი საზეიმოდ მოდიან გალაკტიონი, იოსებ ნონეშვილი, გრიშაშვილი, გოგლა და ხელისუფლებას ქუდს უქნევენ.
ოლია ოკუჯავა შენიშნავდა, რომ გალაკტიონს ჯიბეში მუდამ ედო ბლოკნოტი და ფანქარი, წერდა ყველგან, რაც კი გაახსენდებოდა ან მნიშვნელოვნად ჩათვლიდა. მის 625 უბის წიგნაკში ბევრი საყურადღებო ჩანაწერია. აქ აღწერილია გალაკტიონის განცდები იმის გამო, რომ იგი ვერ ხედავდა საკუთარ ადგილს პოეტურ დაჯგუფებებში და როგორც ტიციან ტაბიძე უწოდებდა_”მარტოობის ორდენის კავალერი”_ ამაოდ ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონის ერთ-ერთი ჩანაწერი 1921 წლის 20-24 აპრილითაა დათარიღებული და მაშინდელ ლიტერატურულ ცხოვრებას ასახავს, სადაც მწერალთა შეხლა-შემოხლაცაა აღბეჭდილი. გალაკტიონი დღიურში საკუთარ თავს სწერს: “შენ არავის წინაშე დამნაშავე არ ხარ.. შენი სული სავსეა იმ მარგალიტებით, რომლებისთვის სხვა თავს მოიკლავდა, შენ კი გაჩერებულხარ და სრულიად არ აფასებ მას. ასე არ შეიძლება. ეს ნამეტანია”.
“ლექციის შემდეგ ჩაი დავლიეთ პაოლოსთან. აქ მე პირდაპირ ობლად ვგრძნობდი თავს. იმდენად უსინდისოები არიან, ყოველნაირ ტერორს მიკეთებენ სიტყვის თქმის დროს, ერთმანეთს გადახედავენ და სხვა. მე მშვენივრად ვგრძნობ თანდათან, რანაირად მოვიქცე”.
“რა უბოლოო, რა დიდ და ღრმა მწუხარებასა და მარტოობას განვიცდი. დავკარგე ყველაფერი, რაც მიწერია ბავშვობიდანვე, თითქო მომკვდარიყოს ჩემი სიყმაწვილე.. გალაკტიონ ტაბიძე აღარ არის.. გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს.”
                                                       
                                                                                           მანანა ნოზაძე

  . . .

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, როგორც ღვთიური ნიჭით მირონცხებული პოეტი, მაგრამ ასევე აოცებდათ მისი ცხოვრებისეული, თითქმის უცნაურობებამდე მისული თავისებურებები, რომლებიც ვერაფრით ჯდებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ქცევათა ჩარჩოებში. აკრიტიკებდნენ ზოგჯერ უჟმურობამდე მისულ მის ხასიათს, ბავშვურ გამოვლინებებს, ნაღვლიანობის მოძალებას, უკვირდათ, რატომ არ ჰყავდა ბევრი მეგობარი სხვა მწერალთა მსგავსად, ასეთი ბუმბერაზი მოაზროვნე რატომ იყო ხშირ შემთხვევაში სრულიად უმწეო და მოუხერხებელი ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილში.
მაგრამ განა შეიძლება დიდ ადამიანთა პიროვნების ახსნა ჩვეულებრივი ადამიანური საზომებით? ეს ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს გვეჩვენება დიდი ადამიანები უცნაურები, რადგან არა ვართ მათ დონეზე და არ ვიცნობთ მათ სამყაროს.
ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას, თუ არ ვცდები 21 წლისას, ლექსით ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა'' მიანიჭეს საქართველოს პოეტების მეფის ტიტული. ,,უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა, გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა''... თუმცა თავისი პოეზიის შედევრად ,,მე და ღამეს'' თვლიდა. ,,მე და ღამე, თუ არის, ეს არის პოეზია'', - წერს საკუთარი შემოქმედებისადმი მიძღვნილ ლექსში.
ერთხელ თურმე, საშინელ თავსხმაში, მაღაზიის დიდი ფანჯრის წინ იდგა და მინაზე ღვარ-ღვარად ჩამომდინარე წყლის ნაკადებს აკვირდებოდა. შეხედეთ, ძამიკო, რა დიდებული პოეზიაოო, უთქვამს გაოცებული გამვლელებისათვის.
ხომ იცოდნენ, რომ ,,მერის'', ,,მთაწმინდის მთვარის'', ,,ლურჯა ცხენების'', ,,ნიკორწმინდის'', ,,მე და ღამის'' ავტორი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, რომ ის ისეთი გენიოსი გახლდათ, ათასწლეულებში რომ ერთი იბადება, რომ ის სახე და დიდება იყო საქართველოსი და ქართველი ერისა, მაგრამ მაინც შეუტიეს. მოტივი - არახალხურობა და ვიწრო ნაციონალური ინტერესები გახლდათ.
უცნაური იყოო... სწორედ ამ უცნაურობაში იყო მისი სიდიადე, ბავშვურ მიამიტობაშიც, ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე მოუხერხებლობაშიც.
ამის თაობაზე ერთი ანეკდოტური ამბავიცაა შემორჩენილი. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, ქართული კულტურის დეკადაზე მოსკოვში, ქართველ მწერალთა ჯგუფი უნდა გამგზავრებულიყო. მწერალთა კავშირმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შესაბამის განყოფილებასთან ერთად შეადგინა დელეგაციის წევრთა სია, რომელიც წარუდგინეს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს. სია საკმაოდ გრძელი იყო და მჟავანაძეს გაკვირვებია, რომ მასში არ იყო შეტანილი გალაკტიონ ტაბიძე. რა ხდებაო, უკითხავს. ,,ვასილ პავლოვიჩ, გალაკტიონი დიდი ბავშვივითაა, მომვლელის გარეშე მისი წაყვანა შეუძლებელია, თავისებურია და ტვირთად დაგვაწვებაო''. ,,ამ სიაში მე ისეთ ხალხს ვხედავ, მხოლოდ გალაკტიონის მომვლელებად რომ გამოდგებიან, მწერლობისა კი რა მოგახსენოთ. ახლავე ჩაწერეთ გალაკტიონი და ამას და ამას დაავალეთ, მიხედონ მთელი დეკადის განმავლობაში. დეკადაზე გალაკტიონის მხოლოდ გამოჩენა, მთელი ჩვენი დელეგაციის ტოლფასი იქნებაო'', - კატეგორიულად მოუთხოვია მჟავანაძეს. მისი პროგნოზი გამართლდა კიდეც.
თავადვე იცოდა, რომ დიდი იყო. საკუთარი ბედიც თავად იწინასწარმეტყველა და რამდენიმე ლექსში ვირტუოზულად გამოხატა კიდეც.
ამჯერად ერთი ამგვარი წინასწარმეტყველურ სტრიქონებს შევახსენებ მკითხველს:
აქ დაიდგმება პოეტის ძეგლი
ბავშვები მოვლენ შენი წიგნებით,
იქნება, ბევრი რამე იქნება,
მხოლოდ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით.
ცხოვრებისაგან დაღლილი ლომი,
ახლა რომ ღრენით შამბში ვარდება,
სხვა ისტორიის წინაშე მდგომი
აქ სხვანაირად აღიმართება.
ახლა კი ხელი მივცეთ ერთმანეთს,
ხომ მოგვივლია ქვეყნები, გზები,
ეჰ, ისტორიავ, შენ ერთი მაინც
არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები.

                              რევაზ მსხილაძე 


„პოეტობა რთულია საქართველოში, რადგან ისეთი საზომი გვყავს, როგორიც გალაკტიონია... ქართული პოეზია გალაკტიონის ჩრდილქვეშაა. არა აქვს მნიშვნელობა, ქვეცნობიერად ამას გრძნობ თუ არ გრძნობ, აღიარებ თუ არ აღიარებ... გალაკტიონი არა მარტო პოეტი იყო და შედევრებს წერდა, არამედ ლექსის წერის კანონები დააწესა, მუსიკალური ჟღერადობის, გარითმვის ხერხები. გალაკტიონმა 1915 წელს მოულოდნელად დაიწყო ახალი პოეზიის შექმნა. მან გააკეთა ის, რაზეც ცისფერყანწელებს ჰქონდათ პრეტენზია. გალაკტიონმა გამოსცა არტისტული ყვავილები, სულ სხვა ენაზე დაიწყო წერა. ეს არ აპატიეს ცისფერყანწელებმა და ზურგი შეაქციეს. ეს გრძელდებოდა ბოლომდე. ცისფერყანწელებს ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთის მწერლებთან. რუსულ პოეზიაში გალაკტიონი იყო ყველაზე სუსტი პოეტი, ამით ევროპაშიც გზა გადაუჭრეს. საერთოდ, ლექსის თარგმნა და მით უმეტეს, ისეთი რთული პოეტისა, როგორიც გალაკტიონია, ძალიან ძნელია, მაგრამ საშუალო რანგის თარგმანი მაინც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. გალაკტიონის თარგმანები ძალიან დაბალი დონისაა“.
„გალაკტიონი 58 წელს გამომცემლობაში გავიცანი. მანამდე ერთხელ ხიდზეც შევხვდი, მეგობართან ერთად ვიყავი. მაშინ ასე 23 წლის ვიქნებოდი. გალაკტიონს უყვარდა უცნობებთან გამოხმაურება, მწერლებსა და ინტელიგენციას ერიდებოდა. ჩვენ გაგვაჩერა და ვიოლას უთხრა, რა ლამაზია, ქალიშვილო, მტკვარი, ბარათაშვილს უყვარდა მტკვრის პირას ხეტიალი, და გაჩერდა... ცოტა ხნის შემდეგ თქვა: კარგია მტკვარში თავის დახრჩობა. ვიფიქრე, რომ გაგვეხუმრა, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც გალაკტიონის არქივი შევისწავლე, მივხვდი, რომ ის მთელი თავისი ცხოვრება თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ერთხელ მატარებლიდან გადავარდნა უნდოდა, შემდეგ თავის მოწამვლა, მტკვარშიც გადავარდა.
„სტუდენტობისას, 1954 წელს შეხვედრა მოვუწყვეთ გალაკტიონს. ტაშით მივესალმეთ, ძალიან უხაროდა შეხვედრები. რამდენიმე პოეტმა ლექსები წავუკითხეთ და ყველას შუბლზე გვაკოცა. შემდეგ ლექსიც დავწერე, „მე პირს არ ვიბან, მე ერთხელ გალაკტიონმა მაკოცა“. ეს იყო მეორე შეხვედრა. შემდეგ მე და გალაკტიონის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე დავმეგობრდით. მე გამომცემლობაში რედაქტორად დამნიშნეს, 1958 წელს გალაკტიონს უსრულდებოდა შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წელი, იუბილე უნდა გადაეხადა და მოიტანა თავისი ცხრა ტომი, მთელი მასალა. ნოდარმა გამაცნო გალაკტიონი. შემდეგ ყოველდღე დადიოდა: დამიჩქარე, ძამიკო, დამიჩქარეო. წელზე ხელს იდებდა, თავს მაცოდებდა, წიგნის გამოცემა ეჩქარებოდა. ასეთი წესი იყო მაშინ, ჰონორარს მაშინ გაძლევდნენ, როდესაც რედაქტორი წიგნს დასაბეჭდად ხელს მოაწერდა“.
„მეც, რა თქმა უნდა, ვჩქარობდი, თან დიდი სიფრთხილით ვმუშაობდი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შესანიშნავი ლექსები არ იყო შეტანილი წიგნში, რამდენიმე გენიალური ლექსი გადავბეჭდე. ბოლოს, როდესაც გალაკტიონს წიგნი გავაცანი, შიგნით არც ჩაუხედავს. ვუთხარი, ბატონო გალაკტიონ, ახლა ლექსები ქრონოლოგიურად დავალაგოთ და პირველ განყოფილებას დავარქვათ ესა და ეს სათაური-მეთქი. წამოდგა და, მომილოცავს, ძამიკოო, ხელი ჩამომართვა. შემდეგ მეორე სათაური რომ ვუთხარი, კიდევ ხელი ჩამომართვა. გავიფიქრე, ხომ არ დამცინის-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, არ აინტერესებდა, წიგნში რას შეიტანდი. მე ისეთი კარგი ლექსები მაქვს, რომ შენ რაც არ უნდა ცუდად შეადგინო, მაინც კარგი წიგნი იქნებაო, – დაახლოებით ამ პოზიციიდან ლაპარაკობდა. ასეთი პასიური ავტორი იყო. ცხრა ტომიდან ერთი რჩეული ტომი შევადგინე, ხუთასგვერდიანი წიგნი გამოვიდა, მაგრამ გალაკტიონი ვერ მოესწრო, თავი მოიკლა“.
„ნოდარ ტაბიძე ჩემი მეგობარი იყო და შეიძლება ეთქვა გალაკტიონისთვის, რომ მე ლექსებს ვწერდი, მაგრამ მე თვითონ ვერ ვკადრებდი, რომ მეჩვენებინა. როგორი პიროვნება იყო, იცით? ძალიან უშუალო, ანეკდოტებს გვიყვებოდა, გვართობდა, მაგრამ ჩვენთან არ იყო იმ დროს, ისეთი წარმოდგენა გრჩებოდა, რომ სხვა სამყაროდან გელაპარაკებოდა. გალაკტიონი თავისი ხმით არც ლაპარაკობდა. დაყენებული ხმა ჰქონდა...“
                                                                          ვახტანგ ჯავახაძე


ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს, ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია. გალაკტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია. შორს ქარი კივის, ახლო მტერია ახლა ღამდება, მშვიდია სრული. გალაკტიონში ლურჯი ფერია და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსსკრული. ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზი.
                                                                          ტერენტი გრანელი

„ინტურისტის“ ბაღში გალაკტიონი ზის და ჭიქა ღვინოს ელოდება.
ოფიციანტი აგვიანებს. გალაკტიონი დაუძახებს: - ბიძიკო!
ოფიციანტი წყენით მიუგდებს:
- დამაცადე, შე კაცო, შენისთანა მილიონია, მე ერთი ვარ.’’
                                                                ნოდარ დუმბაძე




ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ

(ის მთვრალი იყო როგორც ყოველთვის)
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ,
მეორე პოეტი...

უცებ ჭინკებით აევსო თვალი -
თავის სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი... 
                  მურმან ლებანიძე